ანკარის პროკურატურამ სამრეწველო ცენტრში მომხდარი ორი აფეთქების ირგვლივ გამოძიება დაიწყო. აფეთქება თურქეთის ქალაქ ოსტიმთან მოხდა, რასაც 17 ადამიანი შეეწირა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა.
პირველი აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 11.00 საათზე კომპანიის ოთხსართულიან შენობაში გაისმა, სადაც "მეგა ცენტრის" გენერატორები მზადდებოდა. პირველ აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა. შენობა კი მთლიანად ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, მომხდარი შედუღებისას გაზის გაჟონვას ან გაზით დატენილი ცილინდრების არასწორ ექსპლუატაციას უნდა გამოეწვია.
მეორე აფეთქება კი მოგვიანებით 19.00 საათზე საღებავების ქარხნის სიახლოვეს მოხდა, სადაც გაზის გადამტანი ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რომელიც ქარხნის შენობასა და მეზობლად მდებარე ნაგებობებს გადაედო. მომხდარის გამო 10 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაიჭრა. დანგრეული შენობის ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ.