მიწისქვეშა გადასასვლელების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას საკრებულოს წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ნემსაძე გამოეხმაურა.
"თბილისის მერია სისტემატურად აკონტროლებს მიწისქვეშა გადასასვლელებს და სხვადასხვა დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ხდება პრობლემის მოგვარება",_აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.
რაც შეეხება ზაზა გაბუნიას ინიციატივას მიწისქვეშა გადასასვლელების სისუფთავის მიზნით კონტროლიორის შტატის შემოღების შესახებ, გიორგი ნემსაძე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
"აღნიშნული ფუნქციის შესრულება მერიის დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. ამასთან ვთვლი, რომ დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა",_განაცხადა გიორგი ნემსაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ფრაქცია ‘'ქრისტიან-დემოკრატების'' მდივანმა ზაზა გაბუნიამ ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე ისაუბრა და ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა. გაბუნიას აზრით, გადასასვლელი ხიდებისთვის 3 მილიონ 265 ათასი ლარის გამოყოფა სრულიად უსარგებლოა. გაბუნია მიიჩნევს, რომ გაცილებით გონივრული იქნებოდა, აღნიშნული თანხა მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისთვის დახარჯულიყო. კერძოდ, გაბუნია მიწისქვეშა გადასასვლელებისათვის სპეციალური კონტროლიორის შტატის შემოღებას მოითხოვს.