ბრიტანული გამოცემა "Conservativehome": -ის შეფასებით, ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი პრობლემა მის დანაწევრებულობაშია.
ასეთია გაზეთის ერთ-ერთი სტატიის ავტორის დენიელ ჰამილტონის შეფასება, რომელიც აღნიშნულ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს საფუძველზე აკეთებს.
"ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი პრობლემა მის დანაწევრებულობამდე დადის. არც ერთს, უამრავი მცირე პარტიიდან არ გააჩნია რეალური პლატფორმა, რათა კონკურენცია გაუწიოს იმ საყოველთაო საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა, მაგრამ სააკაშვილი აღიარებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სერიოზულად გააკრიტიკეს მისი მთავრობა ისეთ სადისკუსიო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პენსიები, ჯანდაცვისა და განათლების რეფორმა, რაც შეიძლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე 2012 წელს, ოპოზიციას გარკვეულწილად გამოადგეს", -წერს ჟურნალისტი.
მისივე შეფასებით, შესაძლოა სააკაშვილმა წარსულში ბევრი შეცდომა მართაც დაუშვა, მაგრამ ის, თუ როგორ მოექცა ის 2009 წლის აპრილში მიმდინარე ოპოზიციური აქციებისას დემონსტრანტებს, აღმაფრთოვანებელი იყო.
"როდესაც დაახლოებით 50 000 ადამიანმა დაიკავა ქუჩები და მის გადადგომას მოითხოვდა, აღმაფრთოვანებელი იყო (და შეიძლება ჰოსნი მუბარაქს მაგალითადაც გამოადგეს). შევარდნაძის ხუთი წლის წინანდელი რეაქციისგან განსხვავებით, სააკაშვილი ცივად შეხვდა დემონსტრაციებს, როგორც დემოკრატიული პროცესის ნაწილს და პოლიციას თავის შენობებში დარჩენა უბრძანა იმ დროს, როდესაც დემონსტრანტები წინ მიიწევდნენ. საპროტესტო გამოსვლები სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ ისე ჩაცხრა, რომ ადგილი არ ჰქონია არც ერთ მნიშვნელოვან ძალადობრივ აქტს და დაზიანებებს, ხოლო ოპოზიცია უარყოფილი და დამცირებული დარჩა", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ნაწილობრივ მისი პოლიტიკისა და მმართველობის უკომპრომისობის გამო პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან უთანხმოება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი უმაღლესი განათლების სექტორში.
"იმ დროს, როდესაც რიგითი გამვლელი ქუჩაში განაგრძობს მისი მთავრობის მხარდაჭერას, სწორედ შეძლებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც შევარდნაძის რეჟიმის დროს ასე დიდხანს სარგებლობდა უპირატესობით, მას ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტექნოკრატები, რომლებიც 2004 წლის რევოლუციამდე იკავებდნენ ოფისებს, გზიდან ჩამოიცილეს ახალგაზრდა, შთამბეჭდავმა ლიდერებმა, ისეთებმა როგორიცაა შინაგან საქმეთა მინისტრის 32 წლის მომხიბლავი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომლის ანტი-კორუფციულმა ქმედებებმა პოლიციისადმი ნდობა 4%-დან 84%-მდე გაზარდა; საგარეო საქმეთა მინისტრის 30 წლის მჭერმეტყველი მოადგილე თორნიკე გორდაძე, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს და რეინტეგრაციის უშიშარი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი", - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები