მმართველი რეჟიმის რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
"ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც “ოცნების” ხელისუფლებას დარჩა ოპოზიციისა და საპროტესტო საზოგადოების წინააღმდეგ, არის ძალადობა და რეპრესიები. ელენე ხოშტარიას დაკავება ბანერზე წარწერის გამო , ამ მარაზმის ნათელი მაგალითია. ისევე, როგორც ამ დღეებში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაპატიმრება პოლიტიკური განცხადებისთვის, მეგი დიასამიძის დევნა და მანამდე პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების უსაფუძვლოდ ციხეში გამომწყვდევა.
ეს მაშინ, როცა უამრავ მოძალადე დამნაშავეს პასუხს არავინ სთხოვს, რადგან მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან. ეს რეპრესიული მარაზმი მხოლოდ სისუსტის და პოლიტიკური უუნარობის გამოხატულებაა. საზოგადოების რეაქცია ავტორიტარულ ქმედებებზე უფრო მძაფრი იქნება და რეჟიმის გახანგრძლივების მაგივრად, ხალხის დაშინების ეს სტრატეგია კიდევ უფრო დააჩქარებს საჭირო დემოკრატიულ ცვლილებებს", - განაცხადა წერეთელმა.