"მიხეილ სააკაშვილი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია და ეს აშკარად ჩანს", - წერს ბრიტანული გამოცემა "Conservativehome"-ი, რომლის კორესპონდენტი დენიელ ჰამილტონი საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუსთვის თბილისს გასულ კვირას სტუმრობდა.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს ჟურნალისტს თავად სააკაშვილის მიერ ინტერვიუს მსვლელობისას საქართველოს "სკოლის საუკეთესო მოსწავლესთან" შედარება აძლევს, "რომელსაც შემდეგ კლასში გადასვლის ნებას არ აძლევენ".
"თუ რუსეთის ყინულოვანი ხელისგან საქართველოს იზოლირების სააკაშვილისეულ ძალისხმევას გავითვალისწინებთ, არ არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტი მისი ქვეყნის მომავალს არა მხოლოდ ნატო-ში, არამედ ევროპის კავშირშიც ხედავს. როდესაც ის საქართველოს აღწერს, "როგორც საუკეთესო მოსწავლეს კლასში, მაგრამ ერთადერთს რომელსაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის ნებას არ აძლევენ", აშკარად ჩანს მისი იმედგაცრუება ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე პროგრესის დეფიციტით, რომელიც რუსეთის შესაძლო რეაქციისადმი დასავლეთ-ევროპული ქვეყნების შიშითაა გამოწვეული", - წერს გამოცემის ჟურნალისტი.
ამავე კონტექსტში, სტატიაში ისიცაა ნათქვამი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივა ამ ეტაპზე დღის წესრიგიდანაა მოხსნილი, ევრკავშირთან თანამშრომლობის გამტკიცების კუთხით ქვეყანამ მაინც პოზიტიური ნაბიჯები გადადგა.
"იმ დროს, როდესაც ორივე ორგანიზაციაში სრული გაწევრიანების პერსპექტივა, საშუალოვადიან პერსპექტივაში დღის წესრიგიდან მოხსნილია, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. კერძოდ ეს ვიზების ლიბერალიზაციასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეხება. ამ შეთანხმების მეშვეობით საქართველოს ექსპორტი უფრო ადვილად შეაღწევს ევროპულ ბაზრებზე და ევროკავშირი მტკიცედ უერთგულებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამას, რომელიც საქართველოსაც მოიცავს", - ნათქვამია სტატიაში.