დღეს ფრაქცია ‘'ქრისტიან-დემოკრატების'' მდივანმა ზაზა გაბუნიამ ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე ისაუბრა. მანვე ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა.
დეპუტატის განცხადებით, თბილისში არსებული 650მდე მიწისქვეშა გადასასვლელიდან ‘'ქრისტიან-დემოკრატებმა'' 100 მათგანის მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათი უდიდესი ნაწილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. ამასთან, პრობლემატურია მიწისქვეშა გადასასვლელების ელექტროფიცირებისა და ამავე ინფრასტრუქტურასთან არსებული წყლის მიწოდების სისტემის გაუმართაობა. ყოველივე ეს კი პრობლემას უქმნის ფეხით მოსიარულეთა შეუფერხებელ გადაადგილებას.
ამის მაგალითად გაბუნია 1 თებერვალს თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ელექტრო-ენერგიის გათიშვას და კოსტავას გამზირზე არსებულ გადასასვლელში წყლის მილის დაზიანებას ასახელებს, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა და გადაადგილების პარალიზება გამოიწვია.
ამასთან, საკრებულოს დეპუტატი უარყოფითად აფასებს მიწისქვეშა გადასასვლელების ალტერნატიული პროექტის ‘'გადასასვლელი ხიდების'' იდეასაც .
"გაუმართლებლად მიგვაჩნია 3 მლნ. 265 ათასი ლარის ისეთი ტიპის არაპრაქტიკული და სრულიად უსარგებლო პროექტისთვის გამოყოფა, როგორიც გადასასვლელი ხიდებია. ამის ნაცვლად გაცილებით გონივრული იქნებოდა, აღნიშნული თანხა მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისთვის დახარჯულიყო.''
ზაზა გაბუნია ინიციატივით, მიწისქვეშა გადასასვლელებისათვის სპეციალური კონტროლიორის შტატი უნდა შემოიღონ, რომელიც მის სანიტარულ დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.