სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა "თიანეპტინის" შემცველი წამლის ფორმების უკანონოდ მფლობელსაც დაეკისრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის შესახებ" პარლამენტის დადგენილებაში.
დღეისთვის არსებული პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის შენიშვნის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ "ამ ცხრილით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები", რაც ნიშნავს, რომ ოდენობები განსაზღვრულია და შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ ცხრილში შეტანილი ნივთიერებების (სუბსტანციების) და არა მათი წამლის ფორმების (ტაბლეტი, ამპულა, კაფსულა და სხვა) უკანონო ბრუნვაზე.
აღნიშნული პუნქტის არსებული რედაქციით მოქმედების შემთხვევაში კი ფსიქოტროპული ნივთიერება "თიანეპტინის" ცხრილში არსებობის და მისი განსაზღვრის აზრი იკარგება, რადგან მისი უკანონო ბრუნვისა და მოხმარების თვალსაზრისით პრობლემას სწორედ სავაჭრო დასახლებების ("კოაქსილი", "სტაბლონი", "ტატინოლი" და სხვა) წამლის ფორმის უკანონო ბრუნვა წარმოადგენს და არა ნივთიერება, რომელიც საქართველოში მიმოქცევაში პრაქტიკულად არ არის.
აღნიშნულის გათვალისწინებით კი დადგენილებაში შედის ცვლილება და გამონაკლისის თვალსაზრისით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა "თიანეპტინის" წამლის ფორმებზეც გავრცელდება, ხოლო დედგენილებაში მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: "ამ ცხრილით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციების) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების თიანეპტინის შემცველი პრეპარატებისა".
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტმა "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების საბაზრო ბრუნვიდან ამოღების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც "თიანეპტინის" შემცველი პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვა მომავალი წლიდან აიკრძალება.
"თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების, კერძოდ კი "კოაქსილის" და "სტაბლონის" გამოყენება ხშირად არასწორი მიზნებისთვის ხდება და მას, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისე იყენებენ.
როგორც ცნობილია, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები სწრაფად იწვევს შეჩვევას, რის გამოც თავდაპირველად პრეპარატს დღეში 5-10 აბს ღებულობენ, ხოლო დაახლებით ერთი თვის განმავლობაში მისი მოხმარებიდან რაოდენობა 30-იდან 100 აბამდე იზრდება, რაც იწვევს მომხმარებლის ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.
პრეპარატი "კოაქსილი" კი ფართოდ გამოყენება რუსეთში, უკრაინაში და საქართველოში.