4 თებერვალს 19 საათზე თბილისის თოჯინების მუზეუმში (შავთელის 17 ა) უცხოეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის ეთერ ჭკადუას ახალი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება.
თბილისის თოჯინების მუზეუმის დირექტორის, ნანა ოქრუაშვილის განცხადებით, "ეთერ ჭკადუას დამეგობრება თბილისის თოჯინების მუზეუმთან შარშან მოხდა. ცნობილი მხატვარი ისე მოიხიბლა ჩვენი კოლექციით, რომ მუზეუმის მხარდაჭერა გადაწყვიტა. მან შექმნა ორიგინალური ტილოები და ისინი, სხვა შედევრებთან ერთად, მუზეუმის დროებით საექსპოზიციო დარბაზში გამოფინა. ნამუშევრები გაიყიდება და მისი ნაწილი თბილისის თოჯინების მუზეუმის განვითარებას მოხმარდება."
ეთერ ჭკადუა აღნიშნული საქველმოქმედო აქციით აგრძელებს ტრადიციას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ისეთმა ცნობილმა ქართველმა ხელოვანებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, როგორიცაა ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, მოსე თოიძე და სხვ.
შეგახსენებთ, რომ მხატვარი ეთერ ჭკადუა უცხოეთში წარმატებით მოღვაწეობს. მის ნამუშევრებზე კოლექციონერებისა თუ გალერეების მეპატრონეების მხრიდან დიდი მოთხოვნაა და მისი სახელი სახელოვნებო წრეებში კარგად არის ცნობილი. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1988 წელს წავიდა. დღეს ნიუ-იორკს, იამაიკასა და თბილისს შორის ცხოვრობს და ამ მუდმივი გადაადგილებებით, მოძრაობით და "მოგზაურობების" შთაბეჭდილებებით შთაგონებულ არაორდინარულ და ინდივიდუალურ, ენერგეტიკულ ფერწერას ქმნის.