სულ ახლახან ცნობილმა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ საკმაოდ სკანდალური კლიპის პრეზენტაცია გამართა, სადაც ქართული პოლიტიკური ელიტაა გაშარჟებული. ისედაც პოლიტიზებულმა საზოგადოებამ კლიპი მალევე აიტაცა, თუმცა საზოგადოების ნაწილში ანრი ჯოხაძის ახალმა ნამუშევარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რამ უბიძგა მომღერალს ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერის" თემაზე კლიპი გაეკეთებინა _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ანრი ჯოხაძე ესაუბრა.
_ როგორ გაჩნდა ამ კლიპის გაკეთების იდეა?
_ კლიპის გაკეთების იდეა გაჩნდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ცნობილი სიტყვა "ძიალოგის" გამოჩენის შემდეგ. ტვინი გაიბურღა სიტყვა "ძიალოგით", ამომივიდა ყელში და ვთქვი, რომ რაღაც საშინელება უნდა გავაკეთო. წამოვიდა იდეები, შემდეგ მეგობრებს გავუზიარე, მათაც თავიანთი კორექტივები შეიტანეს, შემდეგ დაიხვეწა იდეა და ასეთი სახით მივაწოდეთ საზოგადოებას.
_ როგორ შემოვიდა ილია ჭავჭავაძის ლექსი _ "ბედნიერი ერი"?
_ როდესაც დავფიქრდი, რომ რაიმე ახალი დამეწერა, მომივიდა აზრად, რომ ამაზე უკეთესი რა უნდა დამეწერა. თან რეალურად თავი ქუდში გაქვს, როდესაც ასეთ სკანდალურ განაცხადს აკეთებს, შენ ილიას ენით ესაუბრები საზოგადოებას და არა შენი შეთითხნილი ტექსტით.
_ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ლექსი შენთვის?
_ თითქმის სამაგიდოა და მაწითლებს ხოლმე მომენტებში. ერთი საშინელება ამ ლექსს ის აქვს, რომ 140 წელია, აქტუალობა არ დაუკარგავს. საუკუნე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველებს ილიამ "ბედნიერი ერი" დაუწერა, ერთ კითხვას ვსვამ: შეიცვალა რამე ჩვენში? ვაბრალებთ საბჭოთა კავშირს, ვაბრალებთ რევოლუციებს და ათას სისულელეს. 1871 წელს, როცა ილიამ ეს ლექსი დაწერა, რევოლუციები არ ყოფილა, მაგრამ ეს ლექსი მაშინაც აქტუალური და ზედგამოჭრილი იყო ქართველებზე და ახლაც.
_ რატომ გამოიწვია მიმდინარე მოვლენებმა ამის პროვოცირება შენში?
_ გამოიწვია, იმიტომ, რომ მართლა ამომივიდა ყელში, როგორც უბრალო მოქალაქეს. მე ამის პრივილეგია მაქვს, რომ შემიძლია სათქმელი ხმამაღლა ვთქვა ჩემი შემოქმედებით.
_ რას ვაპროტესტებთ _ ოპოზიციას? ხელისუფლებას?
_ ხელისუფლება და ოპოზიცია არის შირმა ამ კლიპში. კარგად რომ დავუკვირდეთ, აქ ზოგადად, ხალხია გაკრიტიკებული, ასე რომ, ჩემს თავსაც ვაკრიტიკებ, რადგან მეც იმ ხალხის ნაწილი ვარ.
_ ყველაზე სახასიათო ბურჯანაძის სახე იყო და როგორი რეაქცია მოჰყვა მისი მხრიდან?
_ ჭორებს თუ ავყვებით, მითხრეს, ნაწყენიაო. მართალი გითხრათ, არავის აზრი არ მაინტერესებს, ვინც კლიპშია ასახული. ისინი არიან საჯარო პირები და გვემსახურებიან ჩვენ, ხალხს, იმიტომ, რომ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსი _ ეს ნიშნავს ხალხის მონა-მორჩილს. ხალხის მოსამსახურეს და ვთვლი, რომ მე და ჩემნაირი უბრალო საზოგადოება მათზე ზევით ვდგავართ. პოლიტიკოსები ჩვენ უნდა გვემსახურონ და გააკეთონ ჩვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერი, რათა მე ხვალ ვიგრძნო, რომ ბედნიერი ერის შვილი ვარ.
_ ყველაზე კარგად რომელი სახე მოირგე?
_ როგორც ჩანს, ყველაზე კარგად ბურჯანაძე გამომსვლია. "ადნაკლასნიკებში" დამიბლოკეს ბურჯანაძის ფოტო ამ კლიპიდან და ეწერა მიზეზი, რომ "ნა ფოტოგრაფიი ზნამენიტოე ლიცო". ალბათ, იმდენად ვგავარ, რომ ეჭვიც არ შეიტანეს.
_ რა რეაქციას ელოდი კლიპის საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ და მიიღე თუ არა ადეკვატური რეაქცია?
_ ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო საზოგადოების ასეთი დოზით დადებითი რეაქცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის თითქმის 100%-ით წარმატებული ნამუშევარი. ველოდებოდი, რომ გამოიწვევდა სკანდალს, აღშფოთებას საზოგადოების გარკვეულ ნაწილაში და მეორე მხარე აღფრთოვანდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა სრული აღფრთოვანება. არ მომისმენია მკვეთრი კრიტიკა.
_ როგორ ფიქრობ, რატომ?
_ ალბათ, ჩემი არტისტული ნიჭის დემონსტრირებამ, რომელ ამპლუაშიც მე არ მიცნობდნენ, გადააჭარბა იმ სკანდალურობას, რაც ამ კლიპშია აღფრთოვანდა საზოგადოება, რომ კარგად გამოვიდა ეს პაროდია.
_ ეს უფრო "პიარის" ნაწილია, თუ შენი ერთგვარი პროტესტი?
_ პრტოტესტია, მაგრამ "პიარიც" თავისთავად მოდის, იმიტომ, რომ როდესაც ასეთ რამეზე აწერ ხელს, ნაკლებად მოიძებნება საქართველოში მსახიობი, რომელიც ისეთ როლზე მოაწერს ხელს, რომ კაბა და კოლგოტკები ჩაიცვას, "შპილკებზე" იპაკუნოს. ეს ჩვეულებრივი ქართული მამაკაცური კომპლექსია. როდესაც ეს კომპლექსი არ გაქვს და ამას უყურებ, როგორც შემოქმედი, აღარანაირი პრობლემა აღარ არის.
_ აღვნიშნეთ, რომ კლიპი დადებითად მიიღო საზოგადოებამ, მაგრამ თუ იყო რაიმე სახის კრიტიკა და რა კუთხით?
_ თუ ვიღაცა ფორუმში ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელ ფრაზას დაწერს, ეს არ არის კრიტიკა. მე ველოდები ყოველთვის ჯანსაღ კრიტიკას. შეურაცხყოფაზე მარტივი არაფერია. ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, მჭირდება, მაგრამ ამ კლიპის მისამართით ასეთი კრიტიკა არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც გავიგებ. თვითონ ფაქტი, რომ ეს კლიპი შედგა, შეკრული პროექტი გამოჩნდა და საზოგადოებამ მიიღო, მნიშვნელოვანია. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ეს კლიპიც სწორედ დროულად მოხვდა მიზანში და წარმატებული გახდა.
_ სად დამზადდა კლიპი და ვინ არის რეჟისორი?
_ კლიპზე მუშაობდა სარეკლამო-საპროდიუსერო კომპანია "კაიმან სტუდიო", "კაიმან სტუდიოს" პავილიონში იქნა გადაღებული ეს კლიპი და ტექნიკურადაც იქ დამზადდა. ეს იყო დაახლოებით 5-6-დღიანი კატორღული შრომა. არ გვეძინა და პრაქტიკულად, ვცხოვრობდით სტუდიაში. "კაიმან სტუდიომ" შეუძლებელი შეძლო. კლიპის ნაწილი გადავიღეთ ბათუმში, სახლში, სადაც "მონანიებაა" გადაღებული. გადაღება წარმოებდა ინგა გრიგოლიას სტუდიაში და ასევე ერთ-ერთ სასტუმროში. ეს იყო არარსებულ დროში რაღაცის გამოყვანა. ეს არ იყო კადრის კადრზე მიბმის საკითხი. გრაფიკა უნდა ყოფილიყო შთამბეჭდავი. ის მუხტი, რაც არის კლიპში ჩადებული, არ უნდა დაკარგულიყო. ამისათვის ბევრი იშრომეს ამ ბიჭებმა. კლიპზე ორი გრაფიკოსი მუშაობდა, გამოყენებული იყო უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, "ტრიდე" გრაფიკა და ყველაფრის შედეგად, უმაღლესი კლასის ნამუშევარი გამოვიდა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა რიტა ყაველაშვილი