"ეროვნული ფორუმი~ და "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია~ ხელისუფლებას მოუწოდებენ ინფლაციაზე პასუხისმგებლობა აიღოს და მის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
როგორც "ეროვნული ფორუმისა" და "აფბას" წარმომადგენლები აცხადებენ, მთავრობამა და ეროვნულმა ბანკმა თავი უნდა დაანებონ ქვეყანაში არსებული პრობლემების ეგზოგენურ ფაქტორებზე გადაბრალებას, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა საქართველოში არსებულ ორნიშნა ინფლაციაზე და მას გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
"აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. ამასთან ეროვნულმა ბანკს უნდა ახსოვდეს, რომ მისი მთავრი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის შესაბამისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაა და არა კომერციული ბანკების მოგების გაზრდაზე ზრუნვა, რასაც ის ბოლო წლებში აკეთებ", - აღნიშნულია "აფბას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთელი მთავრობა ჯიუტად ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის გამოწვევის მთავარი მიზეზი მსოფლიოში კვების პროდუქტების გაძვირებაა. მაგრამ იმაზე არ საუბრობენ, რომ ეს გაძვირება მარტო საქართველოზე რატომ აისახება ასე საგრძნობლად და სერიოზულად. მაგალითად, 2010 წელს უკრაინაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელმაც 9,1% შეადგინა. ანალოგიური მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც, როგორც წესი, მაღალი, ორნიშნა ინფლაციით ხასიათდებიან ხოლმე, მაგრამ წელს რატომღაც იქ ბოლო 10 წლეულში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა - რუსეთი - 8,8%; სომხეთი - 8,1%; აზერბაიჯანი - 5,7%; ევროზონა - 2,2%; გერმანია - 1,1%; ამერიკა - 1,6%; იაპონია - 0,2%. თუ ეროვნულ ბანკს ვენდობით, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოში პურს, საწვავს და შაქარს გაცხოველებით მოვიხმართ, ხოლო ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ამ პროდუქტებს არ მოიხმარენ", - აღნიშნულია განცხადებაში.