საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან კერვალიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი საქმეების სკოლის (SIPA) მაგისტრანტ-მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
კერვალიშვილი სტუმრებს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი განმარტებით, პარლამენტში შექმნილია გენდერული საბჭო - მუდმივმოქმედი ინსტიტუცია, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის პრინციპების დასაცავად.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სტუმრებს გააცნო გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმა და პარლამენტის მიერ გენდერული თანასწორობის კუთხით გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯები.
კერვალიშვილის განცხადებით, პარლამენტში არსებული გენდერული საბჭოს წარმატებული მუშაობისთვის და რეალური შედეგების მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების არსებობა და გენდერული ანალიზის წარმოება.
მისი თქმით, განათლების სისტემის რეფორმა გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით მიმდინარეობს.