ეგვიპტიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ეგვიპტეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თბილისში გამოსამგზავრებლად დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნას ითხოვენ, რასთან დაკავშირებითაც უწყებას ინტენსიურად მიმართავენ.
"გვიკავშირდებიან შარმან-შეიხსა და სხვა ქალაქებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ითხოვენ დახმარებას, რომ დროზე ადრე შეწყვიტონ ეგვიპტეში ვიზიტი და დაბრუნდნენ საქართველოში. როგორც თავად აცხადებენ, სხვა ქალაქებიდან კაიროში ფრენები შეჩერებულია, კაიროდან თბილისკენ გამოსამგზავრებლად ბილეთების რაოდენობა კი შეზღუდული", - აცხადებენ სამინისტროში.
დაინიშნება თუ არა დამატებითი ჩარტერული რეისები ქაიროდან თბილისის მიმართულებით, როგორც გრიგოლ ვაშაძის უწყებაში განმარტავენ, ეს თავად ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია რამდენიმე სახელმწიფომ დაიწყო, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ. ქვეყნიდან თავისი თანამშრომლები გაიყვანა გაერომაც.