„ოცნების" რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს - ის ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს. ის აქციებისას დაკავებულებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმიანება.
„რამდენიმე თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, „ოცნების" რეჟიმი კვლავ უსამართლოდ ასამართლებს მშვიდობიან მომიტინგეებს - ის ახალგაზრდა მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის.
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მშვიდობიანი გზებით ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვის და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს გზა მტკიცედ ევროპული დარჩეს“, - წერს გიორგი გახარია.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფური ქმედებისთვის და მასში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, მოსამართლემ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინსაც.