"აირზენა" კიევში "ბორისპოლის" აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. კომპანიის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის განმარტებით, მგზავრებს ბათუმის მიმართულებით გადმოფრენაზე პრობლემები არ შექმნიათ, რადგანაც "აირზენამ" კიევიდან დანიშნულების ადგილამდე მგზავრების ჩასაყვანად სხვა თვითმფრინავი გამოყო.
"ჩვენ გავუშვით სხვა თვითმფრინავი და ის მგზავრები, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ, ბათუმში უკვე ჩაყვანილია. მგზავრთა გადმოყვანა ოპერატიულად მოხდა. კიევში უკვე ჩატანილია სათადარიგო ბორბალი და თვითმფრინავი უკან გამოფრინდება",- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნინო გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში, "ბორისპოლის" აეროპორტში, აფრენის წინ ტექნიკური პრობლემა შეექმნა ქართული ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავს, რომელიც კიევი-ბათუმის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის აფრენამდე ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ხომალდის შასი დაზიანებული იყო. შესაბამისად თვითმფრინავის ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება რეისის შეჩერების შესახებ.
უკრაინის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე 46 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
ინციდენტისას არავინ დაშავებულა.