საგახაფხულო სამხედრო სავალდებულო გაწვევა წელს 4 500 ადამიანს შეეხება.
ამის შესახებ განცხადება დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გააკეთა, რომელიც ამავე დროს ცენტრალური გამწვევი კომისიის ხელმძღვანელია.
მისივე თქმით, გაწვევის პროცესი 20 იანვარს დაიწყო და მას 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და არ აქვთ, გადავადების ან გათავისუფლების უფლება.
"2010 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი, განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა. მთელი წლის განმავლობაში სულ გაწვეულ იქნა 7000-მდე წვევამდელი, რითაც ვადამდე დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები. შარშანდელთან შედარებით, წელს უწყებების მხრიდან მოთხოვნა წვევამდელებზე გაზრდილია და მხოლოდ გაზაფხულზე სავარაუდოდ 4500-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება", - განმარტა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, წელსვე დაგეგმილია წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის შენობის სრული რეაბილიტაცია.
"გაკეთდება ევროსტანდარტების შესაბამისი ოფისი, სადაც განლაგდება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები და ადმინისტრაცია. ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის, ან დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილის შემთხვევაში, მოსახლეობას საშუალება ექნება დაუკავშირდეს ცენტრალური გამწვევი კომისიის ცხელ ხაზს ნომერზე 510 784", - დასძინა რეგიონალური განვითარების მინისტრმა.
საგაზაფხულო გაწვევა 1 ივლისამდე გაგრძელდება.