იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ე. წ. ღორის გრიპით ერთი ქალბატონი გარდაიცვალა.
52 წლის როზა გუბელაძე ბაღდათის რაიონში ცხოვრობდა, კლინიკაში კი 10 დღის წინ მოათავსეს. H1N1 ვირუსზე ლაბორატორიული კვლევის პასუხი საავადმყოფოს გუშინ ჩამოუვიდა.
ბოლო დღეებში გარდაცვლილს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
იმერეთის რეგიონალურ საავადმყოფოში ე. წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსული გრიპით 239 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 194-ს "ღორის გრიპი" აღმოაჩნდა, დანარჩენს კი A და B ტიპის ვირუსები. გრიპის ვირუსის შედეგად, საქართველოს მასშტაბით სულ 11 ადამიანია გარდაცვლილი.
ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულთათვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ამ დროისათვის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ე. წ. ღორის გრიპით სულ 5 ბავშვია მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.