ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის მომხრეებს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ქაიროს ქუჩებში არეულობებს აშუქებდნენ, მრავალჯერ გახდნენ მუბარაქის მომხრეთა თავდასხმის მსხვერპლნი.
აღნიშნული ქმედება შეფასებულია, როგორც "ტაქტიკის შეცვლა, რომელიც უახლოეს წარსულამდე მედიის მიმართ ცენზურაში იქნა გამოვლენილი".
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა მიმართა ეგვიპტის არმიას, უზრუნველყონ ჟურნალისტების დაცვა.
2 თებერვალს, ამერიკულმა ტელეკომპანიებმა ABC, CNN -მა გაავრცელეს განცხადება მათ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის შესახებ.
"ეგვიპტის ხელისუფლება იყენებს სტრატეგიას, რომლის მიზანია საკუთარი მოქმედებების მოწმეების მოშორება", - ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ეგვიპტის ხელისუფლება ადრე ატარებდა ყოვლისმომცველ ცენზურას, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების ფაქტებს, ამჯამად კი ხორციელდება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა მუბარაქის მხარდამჭერთა მხრიდან.
კომიტეტმა არსებული ვითარება შეაფასა, როგორც პრესისთვის ხელისშეშლა.
"პრესას არ აძლევენ საკუთარი საქმიანობის შესაძლებლობას და ამის გამო ჩვენ გვიჭირს სასიცოცხლოდ აუცილებელი დამოუკიდებელი წყაროებიდან ინფორმაციის მიღება", - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.
კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო საათების განმავლობაში თავდასხმა მოხდა ტელეკომპანია "ალ არაბიას" კორესპონდენტზე და გადამღებ ჯგუფზე, ასევე ერთ-ერთ ტელერეპორტიორს წაართვეს მის ხელთ არსებული მასალები და ავტომობილი. ასევე თავდასხმები განხორციელდა ყოველდღიური გაზეთის "ალ შურუკის" რედაქციაზე. დაჭრილები არიან გაზეთის ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი. გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა ჟურნალ "OCTOBER"- ის რედაქციაზე. პოლიციამ ისრაელის 4 ჟურნალისტი დააკავა, რომელთაც კომენდანტის საათის დარღვევა წაუყენეს ბრალად. ტაჰირის მოედანზე თავდს დაესხნენ CNN-ის ჟურნალისტს ანდერსონ კუპერს, ასევე "AP"-ის კორესპონდენტს. ამასთან, მძიმედაა ნაცემი დანიის ტელევიზიის კორესპონდენტი, ხოლო BBC-ის კორესპონდენტი საიდუმლო პოლიციის აგენტებმა აიყვანეს. ასევე გრძელდება ზეწოლა ტელეარხ "ალ-ჯაზირა"- ზე, რომლის მაუწყებლობაც რამდენიმე დღის წინ მუბარაკმა აკრძალა.