დღეს, 3 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს ფოტორეპორტიორის ზეინაბ ბარნოვის კონცეპტუალურ გამოფენას, სახელწოდებით "პორტრეტი" (პორტრეტი რეპორტაჟიდან).
გამოფენაზე წარმოდგენილია ოცამდე დიდი ფორმატის ფოტო. რეპორტაჟის დროს გადაღებული პორტრეტების უმრავლესობა წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროსა და სივრცეში განვითარებულ პიროვნებასთან დაკავშირებულ მოვლენას.
დამთვალიერებელი იხილავს სხვადასხვა დროის ცნობად სახეებს: ილია II-ს, ალექსეი II-ს, ჭაბუა ამირეჯიბს, კოკა იგნატოვს, ოთარ იოსელიანს, მაია პლისეცკაიას, ელისო ვირსალაძეს, ედუარდ შევარდნაძეს, რეი ჩარლზს, ტანია მარიას და სხვებს.
ზეინაბ ბარნოვი ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა საქინფორმში. იგი წლების განმავლობაში ჟურნალ "ანაბეჭდის" ფოტოკორესპონდენტი იყო. მოღვაწეობდა ასევე მოსკოვში, ჟურნალ "VOUGE"-სთან, ავტორია მრავალი პერსონალური გამოფენისა და პროექტის. მისი ფოტოები ინახება პირად კოლექციებში საქართველოში, მოსკოვში, პარიზში და ა.შ.
კონცეპტუალური ფოტოგამოფენები ერთი თემის ფორმატში მოიაზრება. ზეინაბ ბარნოვის კონცეფციაც ძირითადად ადამიანის, ეპოქის, საზოგადოების ურთიერთმიმართებას ეძღვნება.
გამოფენა 16 თებერვლამდე გაგრძელდება.