გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მედიასაშუალებებში ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითხოვს. ტუღუში აღნიშნულის მიზეზად "სამინისტროების მიერ" მედიასაშუალებების ფლობას ასახელებს, რაც მისი განმარტებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
"ჩვენ არ გვაქვს ანტიმონოპოლიური ზემოქმედების საშუალება, ამიტომ აუცილებელია მივაღწიოთ მედიასაშუალებათა საკუთრების გამჭვირვალობას", - განაცხადა ტუღუშმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მედიის ფინანსური თავისუფლების საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
მისი განმარტებით, ასევე აუცილებელია, რომ მედიასაშუალებების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე იყოს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ფული იდება მათ ფუნქციონირებაში.
"დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი თანხა მიემართება კერძო ტელეკომპანიებში. არ ტარდება ტენდერები, რაც ასევე ეჭვს ბადებს. სამინისტროებს კი საკურატორო სფეროები გაყოფილი აქვთ. ეს ყველაფერი ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს", - აღნიშნა ტუღუშმა.
გარდა ამისა, ტუღუშმა დღევანდელი მოხსენებისას სახელმწიფო სტრუქტურები კანონით დადგენილი ნორმების დარღვევაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე სამართლიანი საბაზრო გარემო არ არსებობს და ამ მხრივ კანონმდებლობა უნდა გამკცარდეს.
"ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალების ფლობა ეკრძალებათ. მაგრამ დარჩენილია პოლიტიკოსის ხვრელი, რომლითაც პოლიტიკოსის მფლობელობაში არსებულ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გახდეს ლიცენზიის მფლობელი. ეს უდავოდ პრობლემაა", - აღნიშნა ტუღუშმა.