ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებთან მიკუთვნების ფორმები იცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის" დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილებაში.
დადგენილების პროექტის თანახმად, დადგენილების ცხრილით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების - თიანეპტინის შემცველი პრეპარატებისა.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ანჯაფარიძეს და კომიტეტის წევრს ანდრო ალავიძეს ეკუთვნით.
შეგახსნებთ, რომ საშამოდგომო სესიაზე პარლამენტმა "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების საბაზრო ბრუნვიდან ამოღების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც "თიანეპტინის" შემცველი პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვა მომავალი წლიდან აიკრძალება.
"თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების, კერძოდ კი "კოაქსილის" და "სტაბლონის" გამოყენება ხშირად არასწორი მიზნებისთვის ხდება და მას, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისე იყენებენ.
როგორც ცნობილია, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები სწრაფად იწვევს შეჩვევას, რის გამოც თავდაპირველად პრეპარატს დღეში 5-10 აბს ღებულობენ, ხოლო დაახლებით ერთი თვის განმავლობაში მისი მოხმარებიდან რაოდენობა 30-იდან 100 აბამდე იზრდება, რაც იწვევს მომხმარებლის ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.
პრეპარატი "კოაქსილი" კი ფართოდ გამოყენება რუსეთში, უკრაინაში და საქართველოში.