საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას, რომელიც თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დმიტრი სვიშჩევმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს ასეთ უპრეცედენტო პროვოკაციას არა მხოლოდ რუსი სპორტსმენების, არამედ მთელი სპორტული საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის წინააღმდეგ.
თუ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა აიღებს ვალდებულებებს ვიზების უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ჩვენი სპორტსმენებისთვის, მაშინ მათ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა მომხდარზე.
საერთაშორისო ფედერაციამაც უნდა მოახდინოს რეაგირება. ეს იყო კარგად დაგეგმილი აქცია და პროვოკაცია, არ ვიცით, ვინ შეუკვეთა, თუმცა წავიკითხე, რომ უკრაინელი სპორტსმენები საპროტესტო აქციას, პროვოკაციას ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ასეც არის.
ადგილზე ტელეკამერები იყო, ხალხი მომზადებული სლოგანებით. ჩვეულებრივი ადამიანი დასვენების დღეს ოჯახთან ერთად უნდა იყოს, სპორტით დაკავდეს, ჭაჭა და გემრიელი საჭმელი მიირთვას.
ჩვენებს წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ და ნუ მიაქცევენ პროვოკაციებს ყურადღებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს კონტროლი სიტუაციაზე, უზრუნველყოს რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოება და იპოვოს პროტესტის ორგანიზატორები და წამქეზებლები“, - განაცხადა სვიშჩევმა.
შეგახსენებთ, გუშინ„17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“ - ამ ლოზუნგით ახალ სპორტის სასახლესთან გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 რუსი სპორტსმენის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელთაგან, მათივე ინფორმაციით, 17 სამხედროა.