ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრის ჯაფარ პანახისთვის განკუთვნილ სავარძელს ცარიელს დატოვებენ.
ირანელ რეჟისორს ანტისახელისუფლებო ქმედებებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
"ირანელი რეჟისორისთვის განკუთვნილი ერთი სავარძელი ცარიელი იქნება,"_განაცხადა ფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა. მისივე ინფორმაციით, რეჟისორის სოლიდარობის ნიშნად მაყურებლს ჯაფარ პანახის ფილმს სახელწოდებით "ოფსაიდი" წარუდგენენ.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი "ბერლინალე" 10 თებერვალს გაიხსნება და 20 თებერვლამდე გასტანს. საკონკურსო პროგრამაში 16 ფილმს აჩვენებენ. მათ შორის, რუსი რეჟისორის, ალექსანდრე მინდაძის ფილმი "შაბათს".
წლევანდელი ფესტივალის ჟიურიში შედიან გერმანელი მსახიობი ნინა ჰოსი, ავსტრალიელი პროდიუსერი ეინ ჩეპმენი, კანადელი რეჟისორი გაი მედინი, ინდოელი მსახიობი ამირ კხანი და კოსტიუმების ლონდონელი დიზაინერი სენდი პაუელი. ჟიურის თავმჯდომარე კი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება.