იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში ონლაინ სერვისების რაოდენობა გაიზრდა და ამჯერად საზღვარგარეთ მყოფ მშობლებს არასრულწლოვნის პასპორტის მისაღებად განცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება შეუძლიათ.
აღნიშნული სერვისის შესახებ, დღეს, სამოქალაქო რეესტრში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა. დღესვე ჟურნალისტებისთვის დისტანციური მომსახურების სამსახურის პრეზენტაციაც მოეწყო.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საზღვარგარეთ მყოფ მშობლებს საშუალება აქვთ დისტანციური მომსახურეობის სერვისით ისარგებლონ და სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ რეჟიმში გააკეთონ განცხადება არასრულწლოვანზე პასპორტის გაცემის თაობაზე.
`არასრულწლოვნისთვის პასპორტის საზღვარგარეთ მიღება რთულ და ხანგრძლივ პროცედურასთან იყო დაკავშირებული. მშობლებს უწევდათ საზღვარგარეთ ადგილობრივ ნოტარიუსთან პასპორტის გაცემის თაობაზე თანხმობის შედგენა, აპოსტილით დამოწმება, დოკუმენტების საქართველოში გადმოგზავნა, თარგმნა და ა.შ. ახალი სერვისის თანამად, პასპორტი მიღების მსურველი რეკავს სამოქლაქო რეესტრში ტელეფონის ნომერზე 40 10 10 და სახლიდან გაუსვლელად აკეთებს განცხადებას,~-განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ონლაინ მომსახურეობით არასრულწლოვანი პირის პასპორტი ორ სამუშაო დღეში მზადდება და იგი 205 ლარი ღირს. საზღვარგარეთ მყოფ პირს დაბეჭდილი პასპორტის მიღება შეუძლია ფოსტით, ან მინდობილი პირის მეშვეობით. ფოსტით პასპორტის გადაგზავნის თანხა საფოსტო გადამზიდველების მიერ განისაზღვრება.
დისტანციური მომსახურებით პასპორტის გაცემის საფასურის და საფოსტო მომსახურების ტარიფის გადახდა შესაძლებელია პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარისწორებით.
ონლაინ მომსახურეობით პასპორტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფს აღებული ჰქონდა პასპორტი, ან პირადობის მოწმობა და სააგენტოს ბაზაში არსებული ფოტოსურათის მეშვეობით შესაძლებელია მისი იდენტიფიკაცია.
მომსახურებასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად მუშაობს საინფორმაციო სამსახური რომლის ნომერია 40 10 10. Skype - passport.gov.ge da onlain@cra.gov.ge.