ტყიბულის მაღაროებში სრულმასშტაბიანი გაფიცვაა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფკავშირების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთისთვის სრულად არის გაჩერებული მინდელის სახელობის მაღარო.
საგაფიცვო კომიტეტმა მაღაროში მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პერსონალი - ვენტილაციისა და წყალქცევის უბნების რამდენიმე მუშა ჩაუშვა.
საწარმოს ეზოში შეკრებილია 150 მაღაროელი და, მიუხედავად გზებზე დადებული დიდი თოვლისა, ხალხის მატება გრძელდება.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, რამდენიმე წუთში გაფიცულები აქცია-მიტინგს დაიწყებენ.
გაფიცულებთან სოლიდარობის ნიშნად, ტყიბულში ჩავიდნენ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირისა და „აზოტის" პროფკავშირების წარმომადგენლები.
ტყიბულისკენ მიემართებიან ზესტაფონელი პროფკავშირელებიც.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, ტყიბულში იმყოფება „საქნახშირის" გენერალური დირექტორი ზაზა სადუნიშვილიც.
გაფიცულების მიერ საწამოს ხელმძღვანელობისთვის წაყენებული მოთხოვნები შეეხება:
_შ.პ.ს. „საქნახშირის" თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
_შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას;
_„საქნახშირის" თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად;
_მაღაროში 2010-2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას;
_„საქნახშირში" დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას;
_ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვა.
შეგახსენებთ, რომ გაფიცვის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ტყიბულელმა მაღაროელებმა 27 იანვარს ჩატარებულ კრებაზე მიიღეს. ორშაბათს, 31 იანვარს, 16 საათზე, მაღაროელებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს.
სრულმასშტაბიანი გაფიცვის დაწყების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ საწარმოს ხელმძღვანელები და ტყიბულის გამგეობა.