ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ, რითაც მათ შესაბამისი პროფილით საქართველოში მუშაობა შეეძლებათ.
სერთიფიკატები ექიმებს ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა-ელისაბედ რულოვსმა გადასცა.
"ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითანამშრომლოთ. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი ჯანდაცვის სექტორის გამოსასწორებლად", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდა.
კონფერენციაში ქართული მხრიდან ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძეც იღებდა მონაწილეობას, რომლის თქმითაც, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ამერიკაში მოღვაწე რამდენიმე ქართველმა ექიმმა უკვე გამოთქვა.
"მათ გამოთქვეს სურვილი ჩამოვიდნენ საქართველოში და სხვადასხვა ფორმით მიიღონ მონაწილეობა სამედიცინო რეფორმის განხორციელებაში", - განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენცია, სახელწოდებით, "საქართველოს ჯანდაცვის სისტემა 2020, მედია 2011" სწორედ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების საქართველოსთან პროფესიული კუთხით მუდმივი კავშირის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ეძღვნება.