ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო და მოგედავონ, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო - ეს მაშინ, როცა თავად ევროკავშირში ლურჯი მანქანებიც ჰყავთ, წითელიც და სხვა ფერიც, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ველით უცხოეთის მხრიდან წინასაარჩევნოდ სიტუაციის გაცხელების და ოპოზიციის რაღაცნაირად გაძლიერების მცდელობას. რეალურად, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ვიზასთან დაკავშირებული პროცესი ყოველთვის სამუშაო პროცესი იყო, საქართველო ევროკომისიასთან აქტიურად თანამშრომლობდა. ხან ხუთი რეკომენდაცია იყო და ხან თხუთმეტი, მაგრამ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს აკეთებდა, სადაც და როგორც შეეძლო, რათა ამ სისტემას გამართულად ემუშავა და ამავე დროს, საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოფილიყო დაცული. საქართველომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, არაერთი ნაბიჯი გადადგა და უკვე არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ეხება მიგრაციის უკანონო მართვას, თავშესაფრის პოლიტიკას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და კორუფციასთან ბრძოლას. ამ მიმართულებით, ევროკომისიასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ორ-სამ კანონამდე დავიდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ საკითხების გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ხდება, თორემ სინამდვილეში, ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო, მანქანამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილოს და შემმოწმებელი მოგედავოს, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო. ეს მაშინ, როცა თავად ევროკავშირში ლურჯი მანქანებიც ჰყავთ, წითელიც და სხვა ფერიც. ამ კანონებს ამ სისტემის ფუნქციონირებასთან და ევროკავშირის უსაფრთხოებასთან არ აქვს და უბრალოდ, ამ საკითხებით მანიპულაცია ხდება,“ - განაცხადა მახაშვილმა.