ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობა გაერთიანებულ პროფკავშირებს მაღაროელებისთვის "ტვინის არევაში" ადანაშაულებს.
"სწორედ პროფკავშირები უწევს მაღაროელების სრულმასშტაბიან გაფიცვას ორგანიზებას.
მის თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს სამი ჯიპი ჰყავს და არაფერი ენაღვლება. მეშახტეების გაფიცვის გამო კი მაღაროს დახურვა და დაკონსერვება ემუქრება. დარწმუნებული ვარ, ეს რომ მოხდეს, პროფკავშირების წარმომადგენლები თბილისში წამოწვებიან და მუშების ბედი მერე აღარ გაახსენდებათ, როცა საცოდავი მეშახტეები უმუშევრები დარჩებიან და შიმშილით სიკვიდლი დაემუქრებათ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, რომელიც მაღაროელთა გაფიცვის უშუალო ორგანიზატორია, ოფიციალურად დარეგისტრირებულიც კი არ არის.
"ეს კავშირი ოფიციალურად რეგისტრაციაშიც კი არ არის გატარებული. არადა, მისი თავმჯდომარე ვინმე თამაზ დოლაბერიძე ჩამოვიდა და მეშახტეებს ტვინს ურევს. ამით შახტას მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში აყენებს, მეშახტეებს კი უმუშევრებს ტოვებს", - განმარტა ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. მიზეზი მეშახტეების სრულმასშტაბიანი გაფიცვაა, რომელიც დღეს დილიდან, 06:00 საათიდან დაიწყო.