ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ექსპერტს მოუსმინეს. ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბრალდების მხარემ.
ამასთან, დღეს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზადაა, ამაღლობელს საპროცესო გარიგება შესთავაზოს.
პროკურორის დასკვნით სიტყვის წარმოთქმას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა. პროტესტის ნიშნად, ნაწილმა სხდომათა დარბაზი შეძახილებით დატოვა: „სასამართლოში დიქტატურაა! სასამართლოში ტირანიაა!!“.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ეს შეთავაზება არის ფაქტობრივად ზეწოლის ტოლფასი, რადგან პროკურატურა დაკავების დღიდან მზადაა ამისთვის და არაერთხელ შესთავაზეს მზია ამაღლობელს ბრალის აღიარება, რასაც იგი არასდროს გააკეთებს.
„მზია ამაღლობელის პოზიცია ყველასათვის ცნობილია. ის არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება, სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება“, – განაცხადა ადვოკატმა, მზია მწარიაშვილმა პირველი არხის თანახმად.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმის ექსპერტის გამოკითხვა მოხდა. მომდევნო პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს დასკვნით სიტყვას წარუდგენენ. საქმეზე მომდევნო სხდომა 1-ელ აგვისტოს 13:00 საათზე ჩაინიშნა.