საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მიესალმება ამნესთი ინთერნეშენელის დაინტერესებას დევნილთა განსახლების პროცესის მიმართ, თუმცა ამასთანავე გამოთქვამს წუხილს, რომ მათ მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადება არის ცალმხრივი, სუბიექტური და არასამართლიანი. როგორც მათი განცხადებიდან ჩანს, ორგანიზაცია ამნესთი ინთერნეშენელს არ გააჩნია სრული ინფორმაცია ამ კონკრეტული განსახლების პროცესთან დაკავშირებით.
პროცესის დაწყებისთანავე სამინისტრო ელოდა (სატელეფონო შეთანხმებისამებრ) შეკითხვებს ელექტრონული ფოსტით ორგანიზაციის წარმომადგენლისგან დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუმცა კითხვები არ მოსულა და განცხადება სამინისტროს პოზიციების გათვალისწინების გარეშე გამოქვეყნდა. ეს ფაქტი მით უფრო სამწუხაროა, რამდენადაც ორგანიზაციასთან ჩვენ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა გვაკავშირებს და სამინისტროს არაერთხელ მიუწოდებია დეტალური ინფორმაცია მიმდინარე ან მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით.
იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი სამწუხარო ფაქტი აღარ განმეორდება და ორგანიზაცია გააგრძელებს ჩვეულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სამინისტროსთან. ჩვენ კვლავ ველოდებით ამნესთი ინთერნეშენელის შეკითხვებს და დარწმუნებულები ვართ, ინფორმაციის მიწოდების შედეგად მათ შეექმნებათ რეალური წარმოდგენა მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც აისახება მათ ანგარიშებსა და განცხადებებში.