პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის განმარტებით, განაჩენი სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლის სტანდარტს, არ იყო მარტივი საქმე, რომელსაც განაჩენში უნდა გაეცეს პასუხი.
ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებითაც.
„დიდი მადლობა, რომ შეწუხდით და ჩემს საქმეზე ასე დადიხართ. მე დღეს ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. ამ საქმის ვერც თავი ვერც ბოლო გავიგე რას მედავებიან. დედიკოს მიმიხედეთ, ემიგრანტი მყავს, როდესაც ჩამოვა დიდი სიყვარულით მომიკითხე, ერთი ოჯახი ვართ ყველა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.