ხვალ, 2 თებერვალს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები თელავის რაიონის პედაგოგებს შეხვდებიან.
პედაგოგები მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ. შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტის შენობაში 14:00 საათზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხოურ ენებში პირველად 2010 წელს ჩატარდა.
დაწყებითი კლასების პედაგოგთათვის კი ის პირველად 2011 წელს ჩატარდება. 1-4 კლასების პედაგოგებისათვის მომზადდება ტესტი, რომელიც შეამოწმებს ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ცოდნასა და სწავლების მეთოდიკის ფლობას (დავალებების 75%), ასევე აკადემიურ უნარებს - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (დავალებების 25%).
წელს ასევე პირველად ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდები ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მასწავლებელთათვის.