აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 17-19 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. მან უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალურიმიწვევა. ინფორმაციას Reuters ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც დიდ ბრიტანეთს მაღალი დონის - სახელმწიფო ვიზიტით ორჯერ ეწვევა.
აქამდე ბრიტანელებს არასდროს მოუწვევიათ არცერთი ამერიკელი პრეზიდენტი, მათ შორის ხელახლა არჩეულიც, ორჯერ სახელმწიფო ვიზიტით; როგორც წესი, მეორე ვადის განმავლობაში მათ მონარქთან ჩაიზე ან სადილზე იწვევდნენ.
ტრამპი ბრიტანეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით 2019 წელს ჩავიდა, როდესაც მას დედოფალმა ელისაბედ II-მ უმასპინძლა.
მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა, ტრამპს და პირველ ლედის მელანიას უინძორის ციხესიმაგრეში უმასპინძლებენ, რადგან ბუკინგემის სასახლეში რემონტი მიმდინარეობს.
ვიზიტის პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა, სავარაუდოდ, ის მოიცავს ოფიციალურ მისასალმებელ ცერემონიას და ბანკეტს უინძორის სასახლეში.
ცერემონიებში მონაწილეობას მიიღებს სამეფო ოჯახის ყველა უფროსი წევრი, მათ შორის უელსის პრინცი და პრინცესა, რომლებიც უინძორის ციხესიმაგრეში ცხოვრობენ.