ელენე ხოშტარიას გეგმა იყო თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ბოიკოტი და ერთობლივი საპროტესტო კამპანია რეჟიმის ჩამოშლის, ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ამოცანით, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხოშტარიას გეგმა შიმშილობა არ იყო და მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია.
„შიმშილობაზე ჩემი აზრი იმდენჯერ მაქვს გამოხატული, რომ აღარ გავიმეორებ, ჩემი მიზანი ახლაც იქნება, რომ ის შეწყდეს, მაგრამ მე მინდა, ვთქვა სხვა რაღაც.
წლებია, ელენესთან აღარ ვმეგობრობ, მაგრამ ეს თვეები საქმიანი ურთიერთობა მიწევდა პრეზიდენტის ფორმატში – ბოლო პერიოდში უფრო ინტენსიური. არანაირი შიმშილობა ელენეს გეგმაში არ ჰქონია, საერთოდ არანაირი.
თავისი გეგმა ჰქონდა დახატული „ფაუერფოინთში“ და იეჰოვას მოწმესავით დადიოდა, სთავაზობდა პლატფორმას, პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს. ეს გეგმა იყო თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ბოიკოტი და ერთობლივი საპროტესტო კამპანია რეჟიმის ჩამოშლის, ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ამოცანით. ვის მოსწონდა ეს გეგმა და ვის არა, ცალკე საკითხია. მაგრამ ელენეს გეგმა შიმშილობა არ ყოფილა. კარდაკარ დაატარებდა სულ სხვა გეგმას! სხვა არაფერი ვიცი. მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გუშინ დაიწყო.