გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ - სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, „პოლიტიკოსებზე ნადირობას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს“.
„გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ - ივანიშვილის მიერ შექმნილ ქაოსში კოლატერალური ზიანი გახდებით. მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს ამ ქაოსს და 13- წლიან ნადირობას კრიტიკოსებზე. გივიმ აფეთქების სტრესი გადაიტანა და ამასაც გადაიტანს - მხნეობას ვუსურვებ. სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება. ძირს რეჟიმი და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.