ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დააკავეს. მას ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გივი თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
გივი თარგამაძეს ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს.
გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ფოტო: პუბლიკა