1-ელ თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ახალი ელექტრონული ლიტერატურულ-კულტურული ჟურნალის, "ოქსიმორონის" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც პროექტის ავტორმა ლელა კოდალაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად, იგეგმება ფილმის ჩვენებაც.
"ახალი ელექტრონული ლიტერატურულ-კულტურული ჟურნალი "ოქსიმორონი" სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ცნობადობის, სხვადასხვა ჯანრისა და მიმდინარეობის შემოქმედებს გააერთიანებს. ეს სახელიც აქედან გამომდინარე ვუწოდეთ. გვინდა, მთლიანობაში შექმნას ახალი სტილი, ნიჭიერ მწერალთა ახალი ერთობლიობა ერთ სივრცეში", _ განაცხადა ლელა კოდალაშვილმა.
ოქსიმორონი სტილისტური ხერხი, ტროპის სახეა, რომელიც ემყარება ერთმანეთთან "შეუთავსებელ", ურთიერთგამომრიცხავ ცნებათა დაკავშირებას, კონტრასტული ნიშნის გადატანას, რითაც ახალი ცნება ან ახალი წარმოდგენა იქმნება. ოქსიმორონი ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივ მეტყველებაში ("მშრალი ღვინო", "მჭევრმეტყველი დუმილი" და სხვა), რიტორიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში. ოქსიმორონი პარადოქსის ერთ-ერთი სახეა. მისი მხატვრული ფუნქციაა მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.