გივი თარგამაძის საქმეზე განაჩენი 27 ივნისს, 10:30 საათზე გამოცხადდება.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა ბრალდებულ თარგამაძის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.
გივი თარგამაძე წულუკიანის კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.