გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი, ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, გახარიას ჰქონდა დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა.
„მე უფრო კომპლექსურად მინდა დაგანახოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მარტო იზოლირებული შემთხვევა, როდესაც მან რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის შემთხვევა, პანკისის შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, ვისგან, გასაგებია - ამ შემთხვევაშიც „დიფ სთეითისგან“.
ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ჩვენ მართულები არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის“. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითიდან“ გაისმა ზარი. „დიფ სთეითში“ ვგულისხმობთ რას - ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ეს არ იყო არაფორმალური თანამდებობის პირი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა, იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ “, - განაცხადა პრემიერმა.