რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის მოგების შანსი მაღალია.
"ჩვენი შანსები ძალიან მაღალია, იქედან გამომდინარე, რომ საქმე ობიექტურ ფაქტებს ეყრდნობა, ეს ფაქტები კი ყველასთვის ცალსახაა _ რუსეთიდან მოხდა ქართველების მასობრივი დეპორტაცია მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე. ადგილი ჰქონდა ადამიანების დისკრიმინაციას და ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმების დარღვევას. ძალიან ძნელია ამ ფაქტების არდანახვა", - განუცხდა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის წინააღმდეგ ქართულ სარჩელზე საუბრისას.
სარჩელის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში დღესაა დაგეგმილი.
ამასთან, ტყეშელაშვილის განმარტებით, დღეიდან სასამართლო საქმის განხილვის ახალ ეტაპზე გადავიდა და მხარეების მოსმენას იწყებს.
"სასამართლომ წერილობითი დოკუმენტაციების შესწავლა დაასრულა და დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა _ იწყება მხარეების მოსმენა. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება", - განმარტა ტყეშელაშვილმა.