დღეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მსოფლიო მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას ჟურნალ "მოგზაურის" პრეზენტაცია შედგა.
აღნიშნული გამოცემა პირველი შემეცნებითი ჟურნალია მოგზაურობის შესახებ.
პროექტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც ჟურნალის დამფუძნებელმა ჯუმბერ ლეჟავამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჟურნალში წარმოდგენილია მისი პირადი ჩანაწერები, ექსკლუზიური და უნიკალური ფოტომასალები, რომლებიც მოგზაურობის დროს გადაიღო. ამასთან, ჟურნალი სანახაობის მოყვარულ ადამიანებს მსოფლიოს საინტერესო კუთხეებს გააცნობს და პრაქტიკულ რჩევებსაც მისცემს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ბექა ჯაყელის შეფასებით, ჯუმბერ ლეჟავას მოღვაწეობა ქართული ტურიზმის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანია.
"ამ ადამიანმა მსოფლოს გააცნო საქართველო. მისი როლი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის საქმეში მეტად მნიშვნელობანია. ამდენად, მისი ჟურნალის პირველი მკითხველი მე ვიქნები,"_აღნიშნა ჯაყელმა.
ჟურნალი სამ თვეში ერთხელ გამოვა და საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონში გავრცელდება.