ხვალ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში "მგზავრის წერილების" პრემიერა გაიმართება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
სპექტაკლი ორმოქმედებიანია. პირველ მოქმედებაში, სახელწოდებით "დამაკვირდი", გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის პოეზია, პუბლიცისტური წერილები და აგრეთვე, "კაცია-ადამიანის?!" ერთ-ერთი ვერსია.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპექტაკლის პირველ მოქმედებაში მსახიობები როლანდ ოქროპირიძე და ზვიად სხირტლაძე მონაწილეობენ.
მეორე მოქმედებაში, სახელწოდებით, "მგზავრის წერილები..." მონაწილეობენ მსახიობები: თენგიზ არჩვაძე (განასახიერებს ავტორს), გივი ბერიკაშვილი (ლელთ ღუნია), გია ბურჯანაძე და დავით დვალიშვილი (ოფიცერი).
"მგზავრის წერილების" დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძეა.
ცნობისთვის, წარმოდგენის პრემიერა 1982 წელს შედგა. სპექტაკლს "ასის წლის წინათ" ერქვა, სადაც გაერთიანებული იყო "ოთარაანთ ქვრივი", "მგზავრის წერილები" და "კაცია ადამიანი?!" საპრემიერო წარმოდგენაში ავტორის როლს თენგიზ არჩვაძე ასრულებდა, ოფიცერს თენგიზ მაისურაძე განასახიერებდა, ხოლო ლელთ ღუნიას_იაკობ ტრიპოლსკი.
სპექტაკლი რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა აღადგინა. საპრემიერო ჩვენების გარდა, სპექტაკლის ჩვენება 3 და 9 თებერვალსაც გაგრძელდება. სპექტაკლში გამოყენებულია საქართველოს სახალხო არტისტის გომარ სიხარულიძის მუსიკა.
სპექტაკლი, რომელიც 20:00 იწყება, საათნახევარი გაგრძელდება.