საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო პანელზე სიტყვით გამოვიდა.
საერთაშორისო პანელის თემა „მდგრადი თევზჭერის მართვის ხელშეწყობა“ იყო.
სიტყვით გამოსვლისას ნინო თანდილაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყნის ძალისხმევაზე და მიღწეულ პროგრესზე მდგრადი თევზჭერის პოლიტიკის დანერგვასა და განხორციელებაში.
„ჩვენი მიზანია, ყველა ეტაპზე, პოლიტიკის დაგეგმვიდან მის განხორციელებამდე, დავიცვათ და დავაბალანსოთ ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული და ბიომრავალფეროვნების ინტერესები. საქართველოში კომერციული თევზჭერა მკაცრი ლიცენზირების სისტემის ფარგლებში რეგულირდება, ხოლო თევზჭერის წლიური კვოტები განისაზღვრება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის გამოყენებით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა არარეგისტრირებული და არარეგულირებადი თევზჭერის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიების დანერგვაზე.
„ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არა მარტო ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობაში უფრო აქტიური ჩართვის კუთხით, არამედ კიდევ უფრო ამყარებს მდგრადობის პრინციპებს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს საქართველოში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, ქვეყანაში უკვე განსაზღვრულია აკვაკულტურისთვის გამოყოფილი სპეციალური ზონები, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სულ ახლახან გაიცა პირველი აკვაკულტურის ლიცენზია – ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგულირებული და მდგრადი სექტორის ჩამოყალიბებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ზღვისპირა თემების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ხმელთაშუა ზღვის გენერალურ თევზჭერის კომისიასთან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მუშაობა მცირე მოცულობის თევზჭერის სექტორის გაძლიერებაზე.
„მცირე თევზჭერის სექტორის მხარდაჭერა არა მხოლოდ ეკოლოგიური ვალდებულებაა, არამედ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ამოცანაც. აუცილებელია ამ სფეროში ჩართული ადამიანების ცოდნისა და ტრადიციული პრაქტიკის აღიარება, დაცვა და მათი გათვალისწინება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
პანელური დისკუსია გაერო-ს 2025 წლის ოკეანის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის მიღწევას – „ოკეანეების, ზღვებისა და საზღვაო რესურსების დაცვას და მათ მდგრად გამოყენებას მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“.
ღონისძიებას FAO-ს გენერალური მდივანი, ევროკომისარი მეთევზეობის საკითხებში, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.