აზრის გამოხატვა, მათ შორის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად - ეს არის ის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო კონვენციის 10 მუხლს განმარტავს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას.
აზრის გამოხატვა, მათ შორის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის ის სტანდარტი როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული. დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაიბარეს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელზეც შსს-ში საჩივარი "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა შეიტანა მისთვის "მონას" დაძახების გამო.
ამავე მიზეზით ლაშხმა უწყებაში საჩივარი ჟურნალისტი ვიკა ბუკიას წინააღმდეგაც შეიტანა.
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს ხვალ სასამართლოში იბარებენ სოციალურ ქსელში მდინარაძისა და წულუკიანის შეურაცხყოფის მიზეზით.
სასამართლოში დაიბარეს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც.
აქტივისტ ანა სუბელიანის წინააღმდეგ საჩივარი სხვა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა დაწერა, როგორც სუბელიანი ამბობს, მიზეზი სოციალურ ქსელში წულუკიანისთვის "არაქალოს" დაძახება გახდა.
გიორგი ტუმასიანის თქმით, მის წინააღმდეგ სარჩელი მარიამ ლაშხმა შეიტანა, სოცქსელში მისი "სამშობლოს მოღალატედ" და "თანამედროვე ბოლშევიკად" მოხსენიებისთვის.
სასამართლოში დაიბარეს სხვა პოლიტიკოსები და საჯარო პირებიც.