თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
"ყოველ დღე ვცდილობ, რეალობას შევხედო იმ ადამიანების თვალით, რომელთა შვილებიც დღეს ციხეში სხედან. ამ ადამიანებს ეხმარებათ ყველაფერი ის, რითაც შეიძლება ხელისუფლება დააზიანო.... ჩვენ ამას მათ საბრძოლო გეგმად ვთავაზობთ. პოლიტპატიმრების ოჯახებს ის, ვინც ბოიკოტს უჭერს მხარს, დღეს ეუბნება, რომ ჩემი გეგმა არის, დავამხო ხელისუფლება. მე პოლიტპატიმრის ოჯახის წარმომადგენელი რომ ვიყო, ვიკითხავდი, რა არის დამხობის გეგმა, ან დღემდე რატომ ვერ დაამხე, ან მაშინვე რატომ ვერ დაამხე, როდესაც სავსე იყო თბილისის ქუჩები და ამიხსენი, ადგილობრივი არჩევნები რას შეცვლის მოცემულობაში. ეს შეკითხვა მექნებოდა. არანაირ ლეგიტიმაციას ეს არ ანიჭებს. უფრო დამაზიანებელი და უფრო გაყალბებული არჩევნები თუ იქნება, ეს როგორ მიანიჭებს ვინმეს ლეგიტიმაციას?! ეს არის აბსურდი". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.