ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ რუსეთი ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს და ალიანსის წევრ ქვეყნებზე თავდასხმისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება მზად.
ამის შესახებ რუტემ ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიანსის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ სამხედრო წარმოების გაზრდით, ხუთ წელიწადში რუსეთი მიაღწევს იმ დონეს, რომელიც მას ნატო-ზე თავდასხმის საშუალებას მისცემს.
„შესაძლოა, რუსეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მზად იყოს ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად.
რუსეთი ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან გაერთიანდა. ისინი აფართოებენ თავიანთ სამხედრო ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის ომის მანქანა ჩქარდება და არ ნელდება. რუსეთი ჩინური ტექნოლოგიების დახმარებით აღადგენს თავის ძალას და უფრო სწრაფად აწარმოებს იარაღს, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, - განმარტა მან.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უბრალოდ საბრძოლო მასალაზე საუბრისას, რუსეთი სამ თვეში იმდენს აწარმოებს, რამდენსაც ნატო-ს ყველა ქვეყანა წელიწადში.
„მოსალოდნელია, რომ რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზა მხოლოდ წელს 1500 ტანკის, 3000 ჯავშანტექნიკის და 200 „ისკანდერის“ რაკეტის წარმოებას შეძლებს.
თავს ნუ მოვიტყუებთ. ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვიმყოფებით. რუსული რაკეტების ახალი თაობა ბგერის სიჩქარეზე რამდენჯერმე მეტი სიჩქარით მოძრაობს. ევროპის დედაქალაქებს შორის მანძილი მხოლოდ რამდენიმე წუთია. აღარ არსებობს არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი. არსებობს მხოლოდ ნატო“, - აღნიშნა მარკ რუტემ.