სოხუმი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან იღებს სიგნალებს მასთან დიალოგისადმი ინტერესის შესახებ, აფხაზეთის ახალი აღიარებები აუცილებლად მოხდება. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, იქნება აღიარება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი რუსი კოლეგების დახმარებით.
ჩვენ გვჯერა, რომ დრო ჩვენს მხარესაა, ჩვენ ვართ დაჟინებულები, მიზანდასახულები და პროფესიონალები ჩვენი საქმიანობის ამ ასპექტებში.
დღეს ჩვენ ვიღებთ სიგნალებს სხვადასხვა რეგიონის არაერთი ქვეყნისგან, რომ არსებობს ჩვენთან დიალოგისადმი ინტერესი“, - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა შეკითხვის პასუხად იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში ახალი სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება“.
მისი თქმით, ქართული „ისტებლიშმენტის“ სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ აწერენ ხელს ოკუპირებული აფხაზეთი და საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, ოლეგ ბარციცმა უპასუხა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობას ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ დაუძლევია“.
„ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ სურს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს უტოპიაა“, - განაცხადა ბარციცმა.