პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. მან პოლიციელს საზოგადოებრივი აღიარება, ნდობა და პატივისცემა მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ქართული პოლიცია ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა.
“პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების საფუძველია. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნდობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. დღეს, ქართული პოლიცია, არსებითად, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა.
გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია. ამ მოვლენებისას გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფს - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ურთულეს დღეებში მაღალი სტანდარტით ზრუნავდა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.