ნატო ყოველთვის იყო წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საპირისპირო ტაქტიკა, დარწმუნებული ვარ, ეს პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად შეიცვლება, თუმცა არა რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
„ომის შეწყვეტის მცდელობასთან დაკავშირებით ასეთი მცდელობები ძალიან მნიშვნელოვანია. ტაქტიკა უნდა განისაზღვროს სწორად. ისტორიული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ რაც მეტი დათმობა იქნება რუსეთისთვის, ისინი ითხოვენ ძალიან ბევრს და ყველაფერს. მათ შორის, ბუნებრივია, ნატო ყოველთვის იყო წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი, საპირისპირო ტაქტიკა და ნაბიჯები. ჩვენ ვხედავთ, განცხადებები იცვლება ხოლმე იმის მიხედვით, როგორი ვითარებაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია დიპლომატიაში. საქმისთვის თუ საჭიროა, შესაძლოა, პოზიცია შერბილდეს ან შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ეს პოზიცია შეიცვლება კიდევ უფრო აქტიურად, კიდევ უფრო ძლიერი იქნება, არა რუსეთის სასარგებლოდ. გარკვეულწილად, ბუნებრივია რეგიონში პოლიტიკა და არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება ეს ომი და როგორი იქნება მხარეების პოზიციები, ვინ რას მიიღებს. ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი ტერიტორია მიიღოს და შემდგომ ამით გააგრძელოს ვაჭრობა. ჩემი აზრით, ამის საპირისპიროდ საჭიროა ძალიან პრინციპული პოზიცია და არა დათმობები“, – განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა განიხილოს რუსეთის მოთხოვნები ნატო-ს არგაფართოების გარანტიებთან დაკავშირებით. "ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ. ისინი ახსენებენ ასევე საქართველოს და მოლდოვას. და ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს თქვენს საზღვართან გაფართოების შეჩერება. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია,“ - განაცხადა კელოგმა.