აშშ-ის ელჩს თუ სურს რაიმე გზავნილის გადაცემა საქართველოს სახელმწიფოსთვის, არის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და არავის შეუზღუდავს მათთან შეხვედრა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის თანმიმდევრული საკუთარ მიდგომებში, რაც მთავარია, კეთილსინდისიერი და ღია პარტნიორობაში.
„შეგახსენებთ, ზუსტად იდენტური განცხადება იყო, მათ შორის, როცა ელჩი დეგნანი ცდილობდა თავის დროზე შეხვედრას. ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს მიდგომებში და რაც მთავარია, ჩვენ კეთილსინდისიერები და ღია ვართ პარტნიორობაში. ეს ჩვენ ვაჩვენეთ წლების განმავლობაში და არ დავიღლებით ამის შეხსენებით. ბოლო 13 წლის განმავლობაში აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მსგავსად ერთგული პარტნიორი რეგიონში ნაკლებად თუ ეყოლებოდა, მათ შორის იმით, რომ ჩვენ ვიყავით მთავარი გვერდში მდგომი, როცა ავღანეთის მისია იყო საჭირო, როცა ნატო-ს წევრების უმეტესობა დაიმალა და გაექცა ომს, ტყვიას და დენთის სუნს. აი, იქ ვიყავით ქართველები და დავუდექით გვერდში აშშ-ს. არა მხოლოდ როგორც სამხედრო ძალით, არამედ ამით ფინანსური შეღავათიც გავუკეთეთ აშშ-ს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ის, რაც არაერთხელ თქმულა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, საჯაროდ მათ შორის, ეს პოზიცია იცის როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე იციან ჩვენმა პარტნიორებმა. ის, რომ ამ პოზიციას თავის დროზე ყური არ უგდო ბაიდენის ადმინისტრაციამ, თავისთავად ცუდი იყო ამ მხრივ. აშშ-ის ელჩს თუ სურს რაიმე გზავნილის გადაცემა საქართველოს სახელმწიფოსთვის, არის საგარეო საქმეთა მინისტრი, არის პრემიერ-მინისტრი და არავის შეუზღუდავს, რომ შეხვდეს მას და არც შეუთავაზებია, როგორც ვხვდები. მოკლედ, მგონი, 2022 წლიდან ამ პოზიციას ისმენთ და ხომ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ და ბიძინა ივანიშვილი აღმოვჩნდით მართალი. ხომ ყოველ ჯერზე ასე ხდება. მოდი, გამოცდილებას დავეყრდნოთ. 2022 წელს თუ ეს პოზიცია გაჟღერდა და მართალი აღმოვჩნდით, 2023-ში მართალი აღმოვჩნდით, 2024-ში მართალი აღმოვჩნდით, ალბათ 2025-შიც მართლები ვართ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის ხელისუფლებას შორის ურთიერთობას, ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის წერილი და მგონი, პრეზიდენტ ტრამპის წერილი ცოტა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა რაიმე საკითხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.