აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს უკრაინაში სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვის მოხსნას. ამის შესახებ Kyiv Post-ი დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ყველა ადრე შემოღებული შეზღუდვა - მიუხედავად იმისა, უკვე შემსუბუქდა თუ არა, ახლა გადახედვის პროცესშია.
„პრეზიდენტი [ტრამპი] მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი სტატუს კვო არ არის ჩვენს ორმხრივ ინტერესებში, რომ რუსეთი [მოლაპარაკებების] მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ასევე, დასავლელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ასევე უკრაინის მხარდაჭერის შემდეგი ეტაპი, ამ კვირაში ვაშინგტონში გერმანელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დროს განიხილება.
წყაროს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უახლოეს დღეებში აშშ-ის დედაქალაქში ვიზიტს გეგმავს.
ორშაბათს, ვადეფულმა მედიას განუცხადა, რომ პუტინს „მშვიდობა არ სურს, მას ომის გაგრძელება სურს და ჩვენ არ შეგვიძლია მას ამის უფლება მივცეთ“.
ვადეფულმა დასძინა, რომ ევროპელი პარტნიორები უკვე ამზადებენ სანქციების კიდევ ერთ პაკეტს.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების შეზღუდვები მოხსნეს.